აგრესია და არასრულწლოვანთა დამნაშავეობა


 ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში განსაკუთრებით აქტუალურად დგას კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლის საკითხი. საკმაოდ გაზრდილია აგრესიის ფონი: სულ უბრალო მიზეზის გამო შეიძლება არასრულწლოვანმა სასიცოცხლო ზიანი მიაყენოს თანატოლს. ძალიან ხშირია მოზარდთაშორის ქუჩური გარჩევები, რომლებიც სავალალო შედეგებით მთავრდება. ეს გარემოება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად იქცა, რომელიც ჯერ-ჯერობით მოუგვარებლად რჩება. პრობლემის მოგვარებაში კი ვგულისხმობ დამაშავე მოზარდის პიროვნებაში ამგვარი მენტალიტეტის აღმოფხვრას, რაც მას კრიმინალისკენ უბიძგებს- რაც გულისხმობს იმას რომ საკითხისადმი მიდგომა სხვაგვარი კუთხითაა საჭირო. არასრულწლოვნებში მწვავე კრიმინალური ფონის გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი აგრესიაა.
არასრულწლოვანთა დანაშაული, როგორც საზოგადოებაში არსებული ფენომენი
 დანაშაულობა, როგორც ასეთი, შეიძლება განვიხილოთ სისხლის სამრთლებრივ მოვლენად, რომელიც წარმოიშობა ისტორიულად და არსებობს საზოგადოებაში. დანაშაულობის შემდგენელ ელემენტს წარმოადგენს დანაშაული, რომელიც არის პირის მიერ ჩადენილი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული და შესაბამისად დასჯადი ქმედება. სხვადასხვა დანაშაული საზოგადოებაში წარმოიშობა იმის მიხედვით, თუ რა არის მისი გამომწვევი მიზეზი და განვითარების რა საფეხურზეა სახელმწიფო. დანაშაული შეიძლება იყოს სხვადასხვა კატეგორიის და სხვადასხვა პირის თუ პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილი ქმედება. ჩადენელი დანაშაულებიდან აღსანიშნავია არასრულწლოვანთა დანაშაულობები. თუ გავითვალისწინებთ ასეთი კატეგორიის დანაშაულის ჩამდენ პიროვნებათა ასაკობრივ მდგომარეობას, ნათელი გახდება, რაოდენ დიდი მნიშვნელობის არის ეს პრობლემა, საზოგადოებისათვის და მთლიანად სახელმწიფოსათვის.
 არასრულწლოვანი ის პირია, რომელსაც უკვე შეუსრულდა 14 წელი, მაგრამ ჯერ არ შესრულებია 18. ეს ის ასაკია,როდესაც თავი ყოვლისშემძლედ მიგაჩნია, როცა ყოველთვის მართალი ხარ და შენი ცხოვრების მთავარ მიზნად ყოველთვის შენი აზრის გატანას მიიჩნევ. ეს ის ასაკია როცა ხდება სულიერი გადატრიალება: ყალიბდება გემოვნება, იცვლება ხასიათი და ასევე ორგანიზმის ფორმები. ერთი სიტყვით, იზრდები, ყალიბდები და დამოუკიდებლობისკენ მიიწევ. დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას ხშირად ძალიან ცუდ შედეგებამდე მივყავართ. რატომ? პასუხი ერთია, სრული დამოუკიდებლობა ზრდასრულისთვისაც კი მავნებელია... და წარმოიდგინეთ, რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს მან არასრულწლოვანი! ავხსნათ თუ რატომ ?! ამ ასაკში არასრულწლოვანი პირადად ეცნობა ცივ იარაღებს. ჩუმად ან შეიძენს, ან იპარავს და ასევე ჩუმად ატარებს მას. მათ ტარებას (კონკრეტულად დანის) დიდ წარმატებად მიიჩნევს. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ თვითონვე მაღლდება საკუთარ თავში და აქედან იწყება "ყოვლისშემძლეობის" სინდრომი.
 რატომ ხდება არასრულწლოვანი ბოროტმოქმედი? როგორია ის გარემო და პირობები, რაც ხელს უწყობს დამნაშავის და დანაშაულის არსებობას? ეს ყოველ გონიერ ადამიანს აინტერესებს. რთული და საინტერესოა ის გზა, ის პროცესი, რომელსაც დამნაშავის ფსიქიკაში გაივლის დანაშაულებრივი განზრახვა ჩასახვიდან მის აღსრულებამდე.
არასრულწლოვანი დამნაშავეების ზოგადი დახასიათება
 საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით, უმეტესწილად კორექციული დაწესებულებებში მოთავსებული არასრულწლოვნები სკოლიდან გარიცხული ბავშვები არიან. მათ, როგორც წესი, ახასიათებთ პასიური სწავლის ჩვევა და თავიანთი აკადემიურ წარუმატებლობას ექტრაინდივიდუალურ ფაქტორებს. დაკვირვების მიხედვით .არასრულწლოვანი პატიმრები საკუთარ თავს არ აღიქვამენ საკუთარი ბედის შემქმნელებად. თავიანთ ცხოვრებაზე კონტროლს ისინი სხვების ხელში ხედავენ. სოციალური მახასიათებლები საკმაოდ მრავალფეროვანია. ბევრი მოზარდი ფუნქციური წერა-კითხვის უცოდინარი ან ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მომხმარებელია, არცთუ იშვიათად კი ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. არასრულწლოვან დამნაშავეთა 28.43% განიცდის სპეციალური განათლების საჭიროებას. მოზარდებში დამნაშავედ ჩამოყალიბების მიზეზებიდან ძირითადად იკვეთება 3 სახის ხელმიშვებულობა:
 1. ფიზიკური ხელმიშვებულობა. საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარების მიუღებლობა, მიტოვება, არასაკმარისი მეთვალყურეობა, ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერებების, პასიური მოხმარება, სახლიდან გაგდება ან სახლში დაბრუნების აკრძალვა.
 2. პედაგოგიური ხელმიშვებულობა. სისტემატური გაცდენები, უყურადღებობა განსაკუთრებული სასწავლო მოთხოვნების მიმართ.
3. ემოციური ხელმიშვებულობა . ბავშვის ფსიქოლოგიური მოთხოვნილებების მიმართ უყურადღებობა, ემოციური სიმარტოვე და დეპრივაცია, ოჯახური კონფლიქტები ბავშვის თანდასწრებით. დროული ფსიქოლოგიური კორექციის გარეშე ეს ბავშვები ადვილად გადადიან სტაბილური ასოციალური ქცევის და სამართალდამრღვევების კატეგორიაში.
აგრესია, როგორც არასრულწლოვანთა დანაშაულის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი
 დადგენილია, რომ დანაშაულთა უმრავლესობა მოზარდის გარდატეხის ასაკში ხდება. ეს გამოწვეულია პიროვნების თვითდამკვიდრებასა და ჩამოყალიბებასთან. როგორც წესი, ამ დროს ბავშვებში აგრესია მატულობს. ზრდის ამ ეტაპზე მისთვის მშობელთა აზრის წინ დგას თანატოლთა და მეგობართა წრის შეხედულებები. სწორედ ისინი აყალიბებენ ხშირად მოზარდისგან დამნაშავეს. ყველას სურს ლიდერობა, ლიდერობა კი ხშირად ხელოვნურად გაყოყოჩებული პიროვნeბაა.
 აგრესია არის ემოციის შედეგად გამოწვეული ქცევის ფორმა სხვა ადამიანებისათვის რაიმე ზიანის (ფიზიკური, სულიერი, საზოგადოებრივი, მატერიალური და ა.შ) მისაყენებლად. საამისო ფსიქოსოციალური, ეკონომიკური თუ სხვა მიზეზით, ან ამის გარეშე. აგრესია და არასრულწლოვანთა დანაშაული სადღეისოდ ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთ მწვავე პრობლემად განიხილება. საკმაოდ გაზღდილია აგრესიის ფონი: სულ უბრალო მიზეზის გამო შესაძლოა არასრულწლოვანმა დაჭრას ან მოკლას თანატოლი - ეს ჩვენი მწარე რეალობაა. საკითხი აქტუალურად არის მიჩნეული როგორც სახელმწიფო ორგანოების, ისე მასმედიისა და სხვა სოციალური სტრუქტურების მიერ. აგრესია და ძალადობა ხშირ შემთხვევაში, არა მხოლოდ მორალური, არამედ იურიდიული ნორმების დარღვევითაც მთავრდება და დანაშაულის სახეს იძენს.
საფუძვლები რაც მოზარდში აგრესიას აყალიბებს
 პიროვნება დანაშაულის ჩადენამდე მიჰყავს შემდეგ ფაქტორთა კომბინაციას: იმედგაცრუება, მიზნის მიღწევის შეზღუდულობა, დაბალი სოციალური კონტროლი, რაც მოზარდს უბიძგებს, კიდევ უფრო ღრმად შევიდეს კრიმინალურ სამყაროში. ეს თავის მხრივ იწვევს მათ სტიგმატიზაციასა და მარგინალიზაციას. აგრესიის ფონს, რომელიც დიდ როლს ასრულებს მოზარდის კრიმინალისადმი განვითარებაში, მრავალი ფაქტორი ქმნის. ერთ-ერთი ადგილი, სადაც არასრულწლოვანში აგრესიას აღვივებს, არის ოჯახი. მოზარდებში აგრესიის ფონის გაზრდის პასუხისმგებლობა ნაწილდებაოჯახზე, რადგან სკოლაში მისულ ბავშვს უკვე აქვს ჩამოყალიბებული ქცევის გარკვეული ნორმები, რაც რაღათქმაუნდა ოჯახში უყალიბდება. მოზარდებთად დაკავშირებულ პრობლემებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ყურადღების დეფიციტი, მშობელთა ნაკლები პედაგოგიზაცია და სასკოლო ცხოვრებაში არასაკმარისი ჩართვა. ამ შემთხვევაში ეს ვრცელდება როგორც მატერიალურად უზრუნველყოფილ, ასევე ღარიბ ოჯახებზეც. არის შემთხვევები, როცა მოზარდის აგრესიულ ქცევებს განაპირობებს მშობელთა არაადეკვატური, ასაკთან შეუსაბამო მოთხოვნილებები და მათი დამოკიდებულებანი ზოგადად აღზრდის პრობლემის მიმართ. აგრესიის ფონზე დანაშაულისადმი მიმართული ქცევების აღმოცენებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ერთ-ერთი, ან ორივე მშობლის პიროვნული ანომალიის ნიშნებს. მათ ნერვულ დაძაბულობას, კონფლიქტურ განწყობას, მუდმივად უკმაყოფილო ტონს, ემოციურ სიცივეს და რაც მთავარია შემწყნარებლობის, სიბრალულის, თანაგრძნობის უქონლობას ერთმანეთისა და შვილების მიმართ. როდესაც საკუთარ ოჯახში ბავშვი უფრო მეტად ძალადობას ხედავს, ვიდრე სითბოს, ალერსს, სიყვარულს და გაღიმებულ და მშვიდ სახეებს, ეს ცხადია, მასში აგრესიას ბადებს. ასეთ გარემოში აღზრდილი ბავშვი მცირე ასაკიდანვე ავი და ნერვიულია, თამაშის დროს, და-ძმებთან, თანატოლებთან ურთიერთობისას.


ოჯახის შემდგომ პასუხისმგებლობა სკოლას ენიჭება, რომელსაც მოზარდის პიროვნებად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის. სკოლა ის ადგილია სადაც მოზარდი დროის უმეტეს ნაწილს ატარებს. ძალადობა და ღირსების შემლახველი დამოკიდებულება სასწავლო დაწესებულებებში, სასკოლო აღზრდის დეფიციტი, არასაკმარისი წამახალისებელი ღონისძიებები, სათანადო ყურადღება და მეთვალყურეობა, არამეგობრულობა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს - ეს ის ფაქტორებია, რაც მოზარდის პიროვნებაში აგრესიას აყალიბებს, ქცევის მოშლას განაპირობებს და მოზარდებს სხვა მიმართულებით - დანაშაულის ჩადენისადმი მიმართავს. სკოლამ დაკარგა აღმზრდელობითი ფუნქცია. დღეს ის არის მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც პედაგოგი რეალურად ვეღარ ახერხებს აღმზრდელობითი მხარის უზრუნველყოფას. სკოლაში სწავლა იწყება ცხრა საათზე და როდესაც ცხრა საათზე მასწავლებელი სკოლაში შედის, მან ყველა თავისი პრობლემა გარეთ უნდა დატოვოს. ის სკოლის კედლებში უნდა იყოს კეთილი და თბილი, მოზარდებისთვის საინტერესო, უნდა დაიხარჯოს ბოლომდე. დღეს დღეისობით ეს ასე არ არის.

დროის მნიშვნელოვან ნაწილს არასრულწლოვანი ასევე ქუჩაში ატარებს ან ტელევიზორის, კომპიუტერის წინ. ქუჩა სასტიკია, ტელევიზოსა და კომპიუტერულ თამაშებშიც მხოლოდ აგრესიას ხედავს, დამეთანხმებით, რომ მავნე გავლენას ახდენს ტელევიზიით ძალადობის შემცველი ფილმების დემონსტრირება, რაც არასრულწლოვანთა დანაშაულის მატებას იწვევს. ასევე ფსიქიკაზე აგრესიულად მოქმედებს კომპიუტერული თამაშები, სადაც ბევრი აგრესიაა. ზემოთ აღნიშნული ფაქტები მოზარდთა ქცევის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებულ ნეგატიურ როლს ასრულებს. ქუჩის უარყოფითი გავლენა მოზარდებზე ძალიან დიდია, ე.წ. ,,ქურდულმა მენტალიტეტმა’’ დიდი გავლენა მოახდინა ჩვენი თაობის მოზარდებზე. ქუჩა პირველი გადადგმული ნაბიჯია დანაშაულისაკენ. ამიტომ საჭიროა არასრულწლოვანის დროის მიზნობრივად გადანაწილება, რომ ქუჩაში დგომისათვის მოზარდს ნაკლები დრო დარჩეს.

No comments:

Post a Comment